სააკაშვილის დაკავება კიევში

ენმ: სააკაშვილის დაკავების გამო, ხვალ თბილისში ღირსების მანიფესტაციას გავმართავთ

ტაბულა

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ე.წ ღირსების მანიფესტაციას გამართავს. ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, პარტია საგანგებო რეჟიმში გადადის.

"რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი  დააკავეს. მისი დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე ხდება. 

სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქმედების საგანგებო რეჟიმზე  გადადის და საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას აცხადებს. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. ნაციონალური მოძრაობა იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად"- აცხადებს პარტია.

მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს, თუმცა, მისი საგამოძიებო უწყებაში გადაყვანა ვერ შეძლეს. მომხრეებმა პოლიციის მიკროავტობუსს, რომელშიც სააკაშვილი იჯდა, ალყა შემოარტყეს. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, მხარდამჭერებმა სააკაშვილის მიროავტობუსიდან გადაყვანა შეძლეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას, რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამ დროისთვის, სააკაშვილი მომხრეებთან ერთად რადასთან მისვლას და უკრაინის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას აპირებს.

კომენტარები