კრიმინალი

კლინიკის დირექტორი: 16 წლის ბიჭი სადისტური დაზიანებებით შემოიყვანეს

pfid.net

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ხორავას ქუჩიდან კლინიკაში მიყვანილ 16 წლის მოზარდს "სადისტური დაზიანებები" აქვს მიყენებული გულ-მკერდის და მუცლის არეში. იმედაძის თქმით, პაციენტის გადასარჩენად ექიმთა დიდი ჯგუფი იბრძვის.

”პაციენტი არის 16 წლის ბიჭი. ის შემოვიდა კლინიკაში სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში. დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, კერძოდ, ბარძაყის არტერია, ვენა, პრაქტიკულად ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, რაღაც მომენტში გულიც გაჩერდა, მაგრამ ახლა აღდგენილია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მიმდინარეობს მთელი სამედიცინო პერსონალის ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად" - თქვა იმედაძემ TV პირველის ეთერში.

კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ექიმებს იმედი გაუჩნდათ. 

"წნევა წამოვიდა და რაღაცა იმედები გაგვიჩნდა, რომ ალბათ, გადარჩება და იმედი მაქვს, რომ გადარჩება. სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. ბრძოლაშია ჩართული ყველა განყოფილება, მთელი ქირურგიული ჯგუფი, რომ ნახოთ საოპერაციო, მართლა მიხვდებით, რომ ბრძოლაა" - თქვა ავთანდილ იმედაძემ და აღნიშნა, რომ მოზარდს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი დღეს მოხდა. შედეგად, ორი მათგანი დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი - საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბი 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო. რუსთავი 2 თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვებმა ხორავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, მანდატურის შენიშვნის შემდეგ გადაინაცვლეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შსს-ს ცნობით, პოლიციამ უკვე ამოიღო როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები.

კომენტარები