საკადო და სტრუქტურული ცვლილებები

თადუმაძე: 3 თვის შემდეგ გვეცოდინება, რა თანხა დაიზოგება რესტრუქტურიზაციის შედეგად 

ტაბულა

მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ლარი დაიზოგება სამინისტროების შერწყმისა და რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის შედეგად. მისი თქმით, ამის გარკვევას 3 თვე დასჭირდება. 

კანონპროექტი, რომელიც სწორედ რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს, პარლამენტის 4 კომიტეტის (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების, მეცნიერების და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა;) გაერთიანებულ სხდომაზე თადუმაძემ დღეს წარადგინა. 

"რაც შეეხება რამდენი იზოგება [რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის შედეგად] საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შერწყმა-რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი მოიცავს სამთვიან პერიოდს. ჯერ შერწყმის პროცესი არ დასრულებულა და ჩვენ არ ვიცით, მას შემდეგ, რაც მოხდება სამინისტროების შერწყმა, როგორი შტატი დამტკიცდება რაოდენობრივად, რა პირობები იქნება განსაზღვრული, რა სახელფასო ბადე იქნება უზრუნველყოფილი, მით უფრო, როდესაც წარმოდგენილია საჯარო სამსახურში ანაზღაურების შესახებ კანონი და ეს განიხილება პარლამენტში ახლა, ბუნებრივია შეუძლებელია კონკრეტული თანხის დასახელება, თუმცა, სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დასრულდება როგორც შერწყმის, ასევე რესტრუქტურიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი, ბუნებრივია, შესაძლებელი იქნება კონკრეტული თანხის დასახელება, რაც დაიზოგება საჯარო ადმინისტრაციისთვის. [....] ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ახლა იცის, რომელი სსიპ გაუქმდება და ამ სსიპ-ების გაუქმებით რა თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი", - თქვა თადუმაძემ

ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ მას ჰკითხა, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილების მიღებისას რა რაოდენობის თანხის დაზოგვა ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობას:

"ამ გადაწყვეტილებას რომ იღებდა მთავრობა, რომ შეემცირებინა სამინისტროები და გაეერთიანებინა, მიზანი რა ჰქონდა, რამდენის დაზოგვა ჰქონდა მიზანი. ანუ, 6 ლარი თუ იზოგება, მაინც ღირდა ამ ცვლილებების განხორციელება? დიაპაზონი თუ შეიძლება მითხრათ, რა რაოდენობის თანხა იზოგება, 1 მილიარდი, 100 მილიონი, ერთი მილიონი, ერთიდან ათამდე თუ იზოგება და კი ან არა მითხარით". 

თუმცა, კაპანაძემ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ აისახება ეს ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, თადუმაძემ თქვა: 

"ბიუჯეტის გარდამავალ დებულებებში წერია, რომ როცა ეს პროცესი დასრულდება, მხარჯველი ორგანიზაციები იქნებიან ის უწყებები, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნებიან". 

კომენტარები