თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში უნდა მოხდეს. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ამით ქალაქში მოძრაობას ხელი არ უნდა შეეშალოს. თბილისის მერმა თავის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, ორი კვირის ვადაში, "თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმა შეიმუშაოს.
"მე ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის და დღის საათებში, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არის. ძალიან ბევრი წერილი შემოდის, ამიტომ თანადგომა იქნება საზოგადოების მხრიდან. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





