საქართველო-ესპანეთი

ესპანეთის საგარეო უწყება: სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

Wikipedia

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. უწყება განცხადებას იმ ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბარსელონაში ე.წ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა. 

"ესპანეთი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. სამხრეთ ოსეთი არ არის აღიარებული გაეროს წევრი, პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის მიერ. სამხრეთ ოსეთს არ აქვს ე.წ დიპლომატიური ურთიერთობების უფლება, არ აქვს უფლება, გახსნას წარმომადგენლობა ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში, ან საერთაშორისო საზოგადოების წევრ თითქმის არც ერთ ქვეყანაში. 

ესპანეთი კიდევ ერთხელ აცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, ბარსელონაში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა. ესპანეთის რეგიონ კატალონიაში, რომლის მთავარი ქალაქიც ბარსელონაა, რამდენიმე კვირის წინ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი ესპანეთის მთავრობამ არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად ცნო.

კომენტარები