არჩევნები 2017

ISFED: თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს

ტაბულა

სამართლიანი არჩევნები თვლის, რომ თიანეთში, მე-20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა განმეორებით უნდა ჩატარდეს. მიზეზი იმ 5 გაბათილებული ბილეთების კვლავ დასაშვებად ცნობაა, რომელთა გამოც არჩევნების შედეგი შეიცვალა. 

კერძოდ: თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 5-6 საათზე ჩაატარა სხდომა და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გახსნა #20 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების დალუქული პაკეტი და გადათავალა. დადგინდა, რომ 5 ბიულეტენი, რომლიდანაც 4 ბიულეტენზე ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხოლო ერთზე ერთი კანდიდატი გადახაზული იყო, ხოლო მეორე შემოხაზული, საუბნო კომისიას ბათილად ჰქონდა მიჩნეული. ხუთივე შემთხვევაში ხმა მიცემული იყო ქართული ოცნების მერობის კანდიდატისთვის. საოლქო კომისიამ აღნიშნული ბიულეტენები ნამდვილად ჩათვალა, რის შედეგადაც თიანეთის თვითმმართველ თემში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.

ბიულეტენების გადათვლამდე აღნიშნულ უბანზე თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა. 

სამართლიანი არჩევნებისთვის გაუგებარია, რატომ გაბათილდა აღნიშნული ბიულეტენები, შემდეგ კი რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება.  ​

"გაურკვეველია და ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ მოხვდა 5 ნამდვილი ბიულეტენი, რომელზეც აშკარად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება ბათილ ბიულეტენებს შორის. განსაკუთრებით საეჭვოა ის ფაქტი, რომ ხმის დათვლის პროცესში, უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია.

არასტანდარტულია თავად საოლქო კომისიის მიერ ასეთი დაუყოვნებელი რეაგირება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებაზე დალუქული პაკეტის გახსნის და ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, რომელიც კომისიამ განიხილა წარდგენიდან 1-2 საათში, 22 ოქტომბერს გამთენიისას. წარსულში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საოლქო კომისიას „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარზე ასეთი მყისიერი რეაგირება მოეხდინა. ნიშანდობლივია, რომ საოლქო კომისიები თითქმის არასდროს აკმაყოფილებენ დალუქული პაკეტების გახსნის და ხმების გადათვლის მოთხოვნას, მაშინაც კი, როცა მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია, არანაირ ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა დარღვევას ჰქონდა ადგილი ხმის დათვლის დროს, და მხოლოდ გაურკვეველ ვარაუდს ემყარება: „თიანეთის #19 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი #20 საუბნო საარჩევნო კომისიის ბათილი ბიულეტენების გადამოწმების მიზნით მოგმართავთ თხოვნით გახსნათ და გადაამოწმოთ დალუქული პაკეტი, რომელშიც ბიულეტენებია მოთავსებული ვინაიდან შესაძლოა სადავო ბათილი ბიულეტენების შედეგად გადაწყდეს მთლიანი არჩევნების ბედი“.

მოყვანილი გარემოებები ეჭვის ქვეშ აყენებს მოცემულ ოლქში მერის არჩევნების შედეგებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მხოლოდ ოთხი ხმით გაიმარჯვა. საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა", - მიუთითებს სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. 

კომენტარები