არჩევნები 2017

საია: საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავენ

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამომრჩევლის ნების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის "ქართული ოცნების", "მემარცხენე ალიანსის" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ახალი სიტყვის" წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.

"ცესკოს განმარტებით,  ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა.

საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის.

მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში (რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა.)

ყოველივე ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევას, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად,
უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება. საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე."

"სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებში ვერ ხედავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ამით ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს." ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს და შესაბამის სუბიექტებს მოუწოდებს იმოქმედონ საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით და უზრუნველყონ კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების შეწყვეტა.

კომენტარები