არჩევნები 2017

შს მინისტრი: მარნეულში მომხდარ თავდასხმას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ პოლიტიკური სარჩული მოვხსნათ ამ თემას" - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მარნეულში ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმაზე. მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ "ამის მიუხედავად, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას". გიორგი მღებრიშვილი ფიქრობს, რომ "უახლოეს საათებში, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება".

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმა შიდა დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, შს მინისტრი პასუხობს, რომ "ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ". 

ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მოქმედი დეპუტატი და კიდევ ორი პირი გუშინ ღამით, პარტიის საარჩევნო შტაბთან დაჭრეს. დაჭრილები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან. ორს ოპერაცია ჩაუტარდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობას, ექიმის თქმით, მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. შს მინისტრის თქმით, "საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით".

"მრავალეროვანი საქართველო“ სოფელ ყიზილაჯლოში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრებზე მომხდარ თავდასხმას გმობს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფაქტი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას.

კომენტარები