მოსკოვიდან დაბრუნებულ ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრებს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
მათი თქმით, "სირცხვილია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები სახელმწიფოს გვერდის ავლით მიმდინარეობს“.
პატრიოტთა ალიანსის წევრები ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია მოსკოვში 2 ოქტომბერს გაემგზავრნენ. პარლამენტის დეპუტატები დუმას წევრებს შეხვდნენ. პატრიოტთა ალიანსის წევრის ადა მარშანიას თქმით, "მთავარი სასაუბრო თემა ჩვენთვის ყოველთვის იქნება, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და, რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხები,".
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ბოლო პერიოდში მოსკოვში უკვე მეორედ იმყოფებოდა. პარტია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და საქართველო-NATO-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.