"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის გეგმებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
"ჩვენი ამოცანა ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლაა. ეს არის ერთადერთი გუნდი ოპოზიციაში, რომელსაც ეს შეუძლია და ის პირველ ნაბიჯს გადადგამს თვითმართველობის არჩევნებზე და ამ პროცესს დაასრულებს საპარლამენტო არჩევნებით. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამბიცია, ეს არის რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამის გარეშე წინსვლა არის შეუძლებელი. მეორე, ეს არის ერთადერთი გუნდი და ამის საუკეთესო საფუძველს გვაძლევს ის, რაც დღეს აქ მოვისმინეთ. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა და არა კომუნისტური დაპირებები საკუთარი ჯიბიდან ყველაფრის დაფარვაზე. რეალური გეგმა როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ეს არის გუნდი, რომელსაც ჯერა, რომ ბიუროკრატია, სახელმწიფო მოხელეები და კომისიები კი არ არის ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყნის მომავალი არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა შევუმსუბუქოთ საგადასახადო ტვირთი - დავწიოთ გადასახადი, უნდა შევუქმნათ ინფრასტრუქტურა და მოვაცილოთ პრობლემები, რომლებსაც დღეს ბიუროკრატია უქმნის. ეს არის გუნდი, რომელმაც იცის, რომ დახმარება უნდა მივმართოთ მათკენ, ვისაც მართლა უჭირს - პენსიონერებისკენ და ვისაც სოციალურად უმძიმესი მდგომარეობა აქვს. ეს არის გუნდი, რომელსაც ერთი მტკაველი ბოღმა არ აქვს. ჩვენ დღეს ქვეყანაში პოლიტმატიმრები გვყავს, გვქონდა პოლიტიკური დევნა, გვქონდა მძიმე შეცდომები ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ეს უნდა დავამთავროთ ყველაფერი და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასრულდება ის ეპოქა, როდესაც არჩევნებში დამარცხება ნიშნავს წაგებულების ციხეში წასვლას, დევნას და ხალხის გაყრას სამსახურებიდან. ეს არის მნიშვნელოვანი."- თქვა გიგა ბოკერიამ.





