არჩევნები 2017

ხოშტარია კალაძეს: პასუხს აგებთ ბიზნეს-ინტერესებისთვის სახელმწიფოს გამოყენებაზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიას თქმით, კახა კალაძეს მოუწევს პასუხის გაცემა, თუ როგორ იყენებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს ბიზნეს-ინტერესების გასატარებლად. დღეს კალაძემ მის მიმართ ბრალდებების საპასუხოდ თქვა, "ელენე ხოშტარიას როგორ ვუპასუხო, მისი მეუღლე არის m2-ის დირექტორი თუ რაღაც, რეიტინგი აქვს ნულს ქვემოთ." საუბარია კალაძის მიერ "არქი ჯგუფთან" დადებული ბიზნეს-გარიგებაზე, რომლის შედეგადაც თბილისის ცენტრში კორპუსები შენდება. 

"მე უკვე წარმოვადგინე ორი კორუფციული სქემა, როდესაც ის იყენებდა თავის თანამდებობას ბიზნეს-ინტერესებისთვის. ეს ავლენს კალაძის რეალურ დამოკიდებულებას ქალაქის და, ზოგადად, სახელმწიფო მართვის მიმართ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც მე კი არ მაინტერესებს, ცალკე აღებულს, რომელსაც 0 მაქვს რეიტინგი თუ მინუსში, არამედ აინტერესებთ მოქალაქეებს და მათ უნდა იცოდნენ, რა ტიპის ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ იყოს ქალაქის მმართველი. აი, ამაზე კითხვების დასმის დროს, ის გადადის ოჯახის წევრებზე საუბარზე და არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს. ეს მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ მას პასუხიარ აქვს ამ ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე. არ სურს, გასცეს პასუხი, თუ როგორ ხდებოდა მისი ბიზნეს-ინტერესების გატარება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით და ამიტომ, გადადის ასეთ უხერხულ პასუხებზე. გარანტია ვაძლევ ბატონ კახი კალაძეს, რომ აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, თუ როგორ იყენებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს ბიზნეს-ინტერესების გასატარებლად."- ამბობს ხოშტარია. 

მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომლის დაპირებაც "ურბანული გენოციდის დასრულებაა" ჩართულია გარიგებებში, რომლის შედეგადაც  საბურთალოს რაიონში კორპუსები შენდება. ამ კორპუსებში ჯამში 236 ბინა იქნება განთავსებული. კახა კალაძის სამშენებლო ბიზნესთან კავშირების შესახებ ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ მოიპოვა. ამ დეველოპერულ პროექტებში კალაძის ბიზნეს-პარტნიორი კომპანია "არქი ჯგუფია". აღნიშნული კომპანია ოცნების მაჟორიტარ ილია წულაიას ეკუთვნის. 

კომენტარები