უკრაინულმა პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, აქტივისტი ალექსანდრ ბურცევი დააკავა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ანტონ გერაშენკოს მტკიცებით, აქტივისტი უკრაინელი მესაზღვრეების ცემის გამო დააკავეს. გერაშენკომ ნათქვამის დასადასტურებლად, პოსტს რუსთავი 2-ის ვიდეო დაურთო.
იქამდე, უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ facebook-ზე დაწერა, რომ მათი მხარდამჭერების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო . საყვარელიძის თქმით, დაკავებულთა შორის არიან ისინიც, ვინც კვირას სააკაშვილთან ერთად გადმოკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. მან დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა და ხელისუფლებას პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდაჭერების მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება 11 სექტემბერს დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
უკრაინის პოლიციის მტკიცებით, "შეგინის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვისას, 11 პოლიციელი დაშავდა.





