ტრანსპორტი

რკინიგზის ტვირთბრუნვა კიდევ ერთხელ შემცირდა

Getty Images

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ტრანსპორტის სექტორის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა შემცირებულია.

2017 წლის პირველ ნახევარში რკინიგზამ 5.3 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

ტვირთბრუნვის კლება წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40%-ით არის შემცირებული.

რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012-2016 წლებში ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა

რკინიგზის ტვირთბრუნვის შესაბამისად შემცირებულია ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობაც. 2017 წლის 6 თვეში ფოთისა და ბათუმის პორტებში და ასევე ყულევისა და სუფსის ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 8.3 მილიონ ტონას შეადგენს, ეს კი წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

რკინიგზისგან განსხვავებით წელს გაზრდილია საავტომობილო ტრანსპორტით (ტრაილერებით) გადაზიდული ტვირთის მოცულობა და ის 12.8 მილიონ ტონას შეადგენს. ეს ამავე პერიოდში რკინიგზის გადაზიდვებს 2.4-ჯერ აღემატება.

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ 2018 წელს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები