მიხეილ სააკაშვილი

მარგველაშვილი სააკაშვილზე: ჩემს პასუხს შემდეგ ნახავთ, თუ ის საქართველოს მომართავს

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მის პასუხს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მაშინ შევიტყობთ, თუ ეს უკანასკნელი საქართველოს ამ თხოვნით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი წინამორბედის შესახებ კურიერთან ინტერვიუში ისაუბრა:

"არ მომეწონა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, იმდენად უნდა სცემდეს პატივს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. ამასთან მიმართებაში როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით მოქალაქეობის თაობაზე,"- ამბობს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, ის არ აკრიტიკებს სააკაშვილს და მასთან „პოლემიკაში არ შედის, რადგან ქვეყანამ მომავლით უნდა იცხოვროს“.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.

კომენტარები