ადვოკატი: ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, აბესაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. აღკვეთის ღონისძიების შესახებ დოკუმენტაცია სასამართლოში 24-საათიან ვადაში გადაიგზავნება. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძის დაკავების შემდეგ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ის მათი უშტატო თანამშრომელი იყო. ამასთან, დედაქალაქის მთავრობა "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებენ დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს.

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

კომენტარები