კალაძე: თბილისთან განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს

gov.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატად ვიცეპრემიერი კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენის ღონისძიებაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს.

"განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო. ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში. ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო საპასუხისმგებლო და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთა სიმძაფრე და განცდა დღემდე მომყვება და დრო ვერ აუფერულებს ამ ემოციას",-განაცხადა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, ქართული ოცნებისთვის მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო და არის ადამიანი.

"2012 წელს, როცა რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდ ძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ ჩვენმა ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. 2015 წელს თბილისის დამანგრეველი სტიქია ჩვენმა ერთობამ გადაგვატანინა, ერთად მოვიშუშეთ ტრაგედიით მიყენებული ჭრილობები და ახლაც, 2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ თბილისის გამარჯვებისთვის. აი, ამ ქალაქში ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი. ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა კახა კალაძე მთაწმინდის პარკში წარადგინა.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის - ზაალ უდუმაშვილია.

სხვა თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატები პარტიებს ჯერ არ დაუსახელებიათ.

კომენტარები