კუპონი

პლენარულ სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს კუპონები აჩუქა

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე ქართული ოცნების წევრმა ნუკრი ქანთარიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ რომან გოცირიძეს კუპონები აჩუქა. ქანთარიას თქმით, "კუპონების შემოქმედს ხმა არ ამოეღება". 

"ჩვენ ამ ანგარიშს მხარს არ დავუჭერთ. გასული წლის საბიუჯეტო ცხოვრება უკიდურესად ნეგატიური იყო. მთავრობის მეირ გაწეული ხარჯები პარლამენტთან შეუთანხმებელი იყო, იყო კანონდარღვევით გაწეული ხარჯები, მთავრობა აბუჩად იგდებს პარლამენტს. აქ ითქვა, რომ ქვეყნის საგარეო ვალი ლარის კურსის გაუფასურების გამო გაიზარდა. ეს არის ტყუილი. მიმაჩნია, რომ როცა მაღალი თანამდებობის პირი იტყვის ტყუილს, ის უნდა დაისაჯოს. უნდა მივიღოთ კანონი ტყუილის მთქმელთა დასჯის შესახებ,”- თქვა გოცირიძემ.

"ამასწინად აღმოვაჩინე მისი შემოქმედების მწვერვალი და წამოვუღე. გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს მოქალაქეები მილიონერები რომ გახდნენ ერთ დღეს. ამაზე დიდს თქვენ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებთ. მე წამოგიღეთ ეს თქვენ, რაც მაშინ საქართველოს მიეცით. ეს არის თქვენი მილიონები. როცა ფინანსური კრიტიკული გამოძახილი მოგინდებათ, იქნებ ეს გაიხსენოთ და უფრო თავმდაბალი იყოთ", - ამბობს ნუკრი ქანთარია.

სინამდვილეში კი კუპონის მკვეთრი გაუფასურების პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი იყო. ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე იყო. კუპონი 1993 წლის 29 აპრილიდან 1995 წლის 6 ოქტომბრამდე არსებობდა. 1993 წლის 3 აგვისტოდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, კუპონი ერთადერთი გადახდის საშუალება გახდა. 1 კუპონის ღირებულება 1 რუსული რუბლი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ჰიპერინფლაცია იყო, 1 დოლარის ღირებულება 5 000 კუპონის ფარგლებში მერყეობდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1993 წლის 7 აგვისტოს 1 აშშ დოლარი 5 690 კუპონს უდრიდა. 1993 წლის ბოლოსთვის კუპონი 1 700%-ით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარმა 102 300 კუპონი შეადგინა.

ფაქტ ჩექის ინფორმაციით, 1994 წლის 20 სექტემბრისთვის კუპონის კურსმა 1 დოლართან მიმართებაში 2.4 მილიონი შეადგინა და 1993 წლის 7 აგვისტოსთან შედარებით 42 000%-ით გაუფასურდა. 1994 წლის სექტემბრის შემდეგ კუპონმა დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო და 1995 წლამდე, 9 თვის მანძილზე, 1.3 მილიონის ნიშნულზე იყო, რაც სავალუტო ფონდის მიერ რეზერვების ფორმირებისთვის გამოყოფილმა 27 მილიონმა დოლარმა განაპირობა. ჯამში, 1993-1995 წლებში, კუპონმა დოლართან მიმართებაში 22 800%-იანი დევალვაცია განიცადა.

კომენტარები