თავსიუფლების აქტი

ბოკერია: თავისუფლების აქტის გაუქმება ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს

ტაბულა

საქართველოს უმსხვილესმა ბიზნესასოციაციებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მთავრობამ შესაძლოა კონსტიტუციიდან ამოიღოს 94-ე მუხლი, ანუ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი". ბიზნესის შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას დააკარგინებს, რაც ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს. ბიზნესის პოზიციას იზიარებს პარტია ევროპული საქართველოც. გიგა ბოკერიას თქმით, ცვლილება თითოეული მოქალაქის ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს.

"ჩვენმა მთავრობამ გაზარდა ბენზინზე გადასახადი, რომლითაც დაარტყა ყველა მოქალაქეს. როგორც ჩანს, ახლა ძირითადი გადასახადების გაზრდაც უნდა. სწორედ ამიტომ აუქმებენ ამ შეზღუდვას, რომლითაც აკრძალულია ხალხისთვის უკითხავად ჩვენი ჯიბიდან მეტი ფულის ამოღება. ამით კიდევ უფრო დაამძიმებენ ჩვენი მოქალაქეების ვითარებას და მერე ამ ფულს გაფლანგავენ საკუთარ ნათესავებზე, მეგობრებზე ან მავნებლურ პროგრამებზე, რომლებიც უხვად აქვთ. ივანიშვილის გუნდიდან ვინმემ უნდა გაგვცეს პასუხი ერთი წინადადებით მაინც - რატომ არიან წინააღმდეგი, რომ ხალხს ვკითხოთ, როდესაც გადასახადების ზრდის საკითხს აყენებენ", - ამბობს გიგა ბოკერია.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ამ მუხლის შეცვლასთან ან სრულ გაუქმებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. თავისუფლების აქტის გაუქმებას მხარს გიორგი მარგველაშვილიც უჭერს.

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები