საკონსტიტუციო ჩანაწერი ქორწინებაზე

კომისია: ქორწინებაზე ჩანაწერი არ უნდა გამორიცხავდეს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს

ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში წერს, რომ თუ განსაზღვრება პირდაპირ გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს. დასკვნა წყარომ ტაბულას მიაწოდა.

"საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით(ან მისი ინტერპრეტაციით), ერთნაირსქესიანი ქორწინების შემოღება შეესაბამება კონსტიტუციას. თუ შემოთავაზებული ჩანაწერი პირდაპირ გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნები, ვალდებულია შესაბამისობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და მაშასადამე, უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება. (მაგალითად, როგორც, სამოქალაქო კავშირები ან ერთნაირსქესიანი ადამიანების რეგისტრირებული ურთიერთობები)", - წერია დასკვნაში.

ვენეციის კომისია დოკუმენტში ახსენებს სომხეთთან დაკავშირებით დასკვნას, სადაც ეწერათ, რომ ცვლილებების შედეგად არ უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე სქესის პირების კავშირის აღიარება.

"გაეროს ეკონომიკის, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, რომ კანონმდებლობით აღიარონ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობები.

ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საჭიროდ თვლის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კანონმდებლობით აღიარონ ერთი და იმავე სქესის წყვილები, არაღიარება მერვე მუხლის დარღვევაა. თუმცა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სავალდებულოდ არ თვლის ერთი და იმავე წყვილების დაქორწინების შესაძლებლობას ამ ქვეყნებში.

2017 წლის მარტში 13-მა ევროპულმა ქვეყანამ კანონმდებლობით აღიარა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, კერძოდ ბელგიამ, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ჰოლანდიამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა, შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

კიდევ 14 ევროპული ქვეყანა კანონმდებლობით აღიარებს სამოქალაქო კავშირის ზოგიერთ ფორმას, მაგალითად, ანდორა, ავსტრია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიხტენშტეინი, მალტა, სლოვენია და შვეიცარია", - წერია წინასწარ დასკვნაში.

კომენტარები