აფგან მუხტარლის

თავდემები და რესპუბლიკელები მუხტარლის გატაცებაზე განმარტებას ითხოვენ

თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები აზერბაიჯანელი ჟურნალისტ აფგან მუხტარლის გატაცებასა და დემირელის კოლეჯის პედაგოგის ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. პარტიების თქმით, "საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობასთან უწყებების მხრიდან, ან შეგნებულ ქმედებასთან, რაც ცალსახად სისტემური დანაშაულია".

"ძალიან კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის აზერბაიჯანსა და თურქეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი პიროვნების ღირსებისა და უსაფრთხოების ხელყოფას. სტრატეგიული პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის არც მიზეზი და არც საბაბი", - წერია განცხადებაში.

პარტიების თქმით, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ისე თურქი პედაგოგის შემთხვევა უაღრესად საგანგაშო და აღმაშფოთებელი პრეცედენტია. 

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები მოითხოვენ:

ა) საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილმა პირებმა გააკეთონ საჯარო განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ბაქოში პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე.

ბ) საქართველოს პრემიერმინისტრმა პირადად უზრუნველყოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების შემოწმება და თუ დადასტურდება ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, გაატაროს შესაბამისი ზომები დანაშაულის მონაწილეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და დაპატიმრების ჩათვლით.

გ) გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან დემირელის კოლეჯის პედაგოგი ემრე ჩაბუქი და მისი თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზე პასუხი გაიცეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. იმავდროულად, რამდენადაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს პოლიტკური მოტივით დევნასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვა მოხდეს საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით.

 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები