პენსიების ზრდა

ბაქრაძე: ყველა რაიონში, სადაც ადგილობრივ არჩევნებს მოვიგებთ, პენსია გაიზრდება

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო პენსიონერებს ხვდება. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ყველა იმ რაიონში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს ევროპული საქართველო, გამგეობების და მერიების ბიუჯეტების კორექტირებით პენსიების ზრდა მოხდება. პენსიონერები საბაზისო (180 ლარიან) პენსიასთან ერთად აიღებენ სპეციალურ საპენსიო დანამატებს.

"მოხდება თანხების ეკონომია და დაზოგილი თანხები მოხმარდება პენსიების ზრდას. რას ვგულისხმობ ეკონომიაში - შემცირდება ბიოროკრატიული ხარჯი, შემცირდება აქტივისტების, ნათესავების, მეგობრების დასაქმება, აღარ იქნება პრემია და დანამატები, აღარ იქნება ფუფუნების ხარჯები, მანქანები, უზომოდ გაბერილი ბენზინის ხარჯები, აღარ იქნება ის ინფრასტრუქტურული ხარჯი, რომელიც ნათესავებს შორის ფულის გაყოფას ხმარდებოდა" - თქვა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ თანხების ეკონომიით, ბიუჯეტის ცვლილების გარეშე, მთელ საქართველოში პენსიის მინიმალური ზრდა 20 ლარი უნდა იყოს.

"ბევრ რაიონში ზრდა იქნება უფრო მაღალი, მაგალითად, ჩვენი გათვლებით, რუსთავში პენსიის ზრდა იქნება 30 ლარი, ფოთში 55 ლარი, თბილისში 50 ლარი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გაანგარიშება დაზოგილი თანხების და ჩვენს ყველა კანდიდატს ეცოდინება ზუსტი თანხა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკვე ოქტომბრიდან, რა რაოდენობით გაიზრდება პენსია მისი რაიონის პენსიონრებისთვის. დროა, პრემიების მაგივრად, თანხა მიდიოდეს პენსიების ზრდაზე" - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები