უსაფრთხოება

სესიაშვილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სომხეთში შეტანაზე: დაველოდოთ გამოძიებას

ირაკლი სესიაშვილი
ტაბულა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სომხეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის კონტრაბანდული გზით შეტანასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას ელოდება. 

"წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა მსგავსი ტიპის შემთხვევა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები არიან კონტაქტზე სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებთან. მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომ გამოძიების დასრულებამდე ჩვენის მხრიდან კომენტარების გაკეთება არ იქნება სერიოზული. დაველოდოთ გამოძიებას.

ჩვენ გვაქვს იმის ტექნიკური საშუალებები, რომ დავადგინოთ, თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, ამიტომ, სჯობია, გამოძიებას დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ სახელმწიფო სამსახურები გააკეთებენ შესაბამის განცხადებას", - თქვა სესიაშვილმა ბრიფინგზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც.

"ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ ტრანზიტად, საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. კი, ბატონო, ისინი, შეიძლება ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ ამის შესახებ", - თქვა მღებრიშვილმა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი თენგიზ გუნავა კი უსაფრთხოების სამსახურის გაუმართავ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"საზენიტო დანადგარი, რომელიც საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მიდის და ამის საქმის კურსში ქვეყნის უსაფრთხოება არ არის, ჩავთვალოთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლა უნდა გაერკვიონ იმაში, რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. აცხადებს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ საქართველოს ტერიტორიიდან გადმოსულია ეს დანადგარი და დაკავებულია დე ფაქტო ყარაბაღის ტერიტორიაზე. დანარჩენი დასადგენია, დასადგენი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, პირველ რიგში, მოხდა თუ არა მართლაც საქართველოს ტერიტორიიდან ამ საზენიტო დანადგარის გადასვლა", - თქვა გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოდან სომხეთში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო 2 პირი დააკავეს. საქმე ეხება საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "იგლას".

ამასთან, გუშინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოლნისში იარაღით დატვირთული სატვირთო მანქანები, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ უარყო.

კომენტარები