გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიას ხვალ სასამართლოში დაკითხავენ

ტაბულა

სასამართლომ კრიმინალური პოლიციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ხვალ, 16 თებერვალს, დაკითხვაზეა დაბარებული. გამომძიებელი გვარამიას კითხვებს მოსამართლის თანდასწრებით დაუსვამს. დაკითხვა 10:30-ზეა დანიშნული.

საქმე ეხება საუბრის ფარულ ჩანაწერს ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის, რომელიც ორი დღის წინ შსს-ს ექსპერტებმა ავთენტურად გამოაცხადეს.ამის შემდეგ გვარამია მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. 

ნიკა გვარამიას სასამართლოში მისი მოთხოვნის საფუძველზე დაკითხავენ. გუშინ, 14 თებერვალს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა კრიმინალურ პოლიციაში და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით გუშინვე მიმართა. 

ნიკა გვარამიასა და მამუკა ახველდიანის საუბრის ჩანაწერი გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან თავად ჩაიწერა, ამ დროს კი ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსია გაავრცელეს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აინტერესებს, რეალურად ამ ქმედებისა და დანაშაულის გამოძიება, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას და ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებას, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, უნდა დაეკითხა მას მინიმუმ ის პირები მაინც, ვისაც მოსმენილი ჰქონდა ჩანაწერის სრული ვერსია,“ - თქვა ტელეკომპანიის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კომენტარები