მონეტარული პოლიტიკა

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო 20 ათას მსესხებელს პროცენტი გაეზარდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, სებ-ის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს უკავშირდება. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო 20.4 ათას მსესხებელს, ვისაც ლარში ნომინირებული სესხი ცვლად განაკვეთზე აქვს მიბმული, სესხის პროცენტი გაუძვირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 20396 სესხია გაცემული. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 806,4 მლნ ლარის სესხია გაცემული.

20396 ხელშეკრულებიდან 10363 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 104,7 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრისთვის 14.5% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 4467 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში. მთლიანი პორტფელი კი 191,1 მილიონი ლარია.

1786 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 471,19 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 75,1 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,8%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი, 1 იანვრის მონაცემებით, 396,1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,0%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 640,97 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,7%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3756 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 38,7 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 დეკემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 11,77%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი შემცირებულია 172 მილიონი ლარით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 14.6%-დან 12.1%-მდე დაიწია, რეფინანსირებაზე მიბმული სასესხო პორტფელი მაინც შემცირდა. ეს ერთი მხრივ დაბალი ეკონომიკური ზრდით და, მეორე მხრივ, შემცირებული ერთობლივი მოთხოვნითაა განპირობებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" შეფასებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებამ და აქციზის განაკვეთების ზრდამ გამოიწვია გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა. ინფლაციური წნეხის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მათ შორის გალარების აქციის ფარგლებში გათვალისწინებულ სესხებზე. 2017 წელს მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების დამატებით ზრდა, ხოლო ზრდის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განაკვეთსა და გაცვლით კურსზე.

საქართველოში ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. ეროვნული ბანკი სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს და მის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს ზრდის ან ამცირებს.

ეროვნულმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო მონეტარული პოლიტიკა 2015 წელს გაამკაცრა. 2016 წლის გაზაფხულზე კი, ლარის გამყარებისა და ინფლაციის შემცირების გამო, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 8%-დან რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 7.5%, შემდეგ 7%, 6.75%-მდე და ბოლოს 6.5%-მდე შეამცირა. 

ეროვნული ბანკი თავდაპირველი პროგნოზით რეფინანსირების განაკვეთის 6%-მდე შემცირებას გეგმავდა, თუმცა 2016 წლის ბოლოს ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ ინფლაციური მოლოდინები გაზარდა. 2016 წლის 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში სებ-მა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გაზრდიდა. 

2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%.

კომენტარები