მოლაპარაკებები გაზპრომთან

ძიძიგური: Gazprom-თან არავითარ დათმობაზე არ წავსულვართ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური Gazprom-თან მიღწეულ შეთანხმებას აფასებს და ამბობს, რომ ქართული მხარე დათმობაზე არ წასულა, პირიქით - "კბილებით ვიცავდით ჩვენს ინტერესებს".

"არავითარ დათმობაზე ჩვენ არ წავსულვართ. ჩვენმა მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმიმ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, არც საქართველოს მოსახლეობა, არც ქართული ბიზნესი არ დაზარალდება. ის, რომ ახლა თანხით გადაგვიხდიან ტრანზიტის საფასურს გაზის ნაცვლად, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ამის შესახებ ბევრი განმარტება გააკეთა მთავრობამაც, უმრავლესობის სახელისუფლო გუნდმაც და ახლა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით ხდება, როდესაც უმცირესობა იბარებს კახა კალაძეს პარლამენტში ამ თემებთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ "აი, რა მაგრა აკრიტიკებენ ხელისუფლებას" - ეს დაანახოს საზოგადოებას. კომპრომისზე არ წავსულვართ, პირიქით - კბილებით ვიცავდით ჩვენს ინტერესებს და მოვახერხეთ კიდეც ეს. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას უნდა წარმოაჩინოს ისე, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით გაზპრომთან, რუსეთთან, პუტინთან და ასე შემდეგ, ახალი სცენარი არ არის, დიდი ხანია ეს სცენარი გვესმის, ამას ყავლი გაუვიდა უკვე და გახუნებულია", - თქვა ძიძიგურმა.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

 

კომენტარები