ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ენმ-ის დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა არ მოინდომეს არამხოლოდ ის, რომ ყრილობა წესების დაცვით და სამართლებრივად გამართულიყო, მათ ასევე უგულებელყვეს ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი თხოვნა, რომ პოლიტსაბჭო შეკრებილიყო და ემსჯელა ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
"ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა, არამხოლოდ ის არ მოინდომა, რომ ყრილობის წესები სამართლებრივად გამართული ყოფილიყო, რაც აუცილებელია, რომ ყრილობა ჩატარდეს და იყოს ლეგიტიმური, არამედ სამწუხაროა ისიც, რომ მათ უგულებელყვეს ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი თხოვნა, რომ პოლიტსაბჭო შეკრებილიყო და ემსჯელა ამ საკითხებზე, რადგან ეს (ყრილობის ორგანიზებულად და ლეგიტიმურად ჩატარება) არის აუცილებელი, რათა პარტიაში არსებული უთანხმოება არ გაღრმავდეს და ძალიან ცუდ შედეგამდე არ მიგვიყვანოს", - თქვა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, რთულია იმის ვარაუდი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან დღეს პარტიის მმართველი ორგანო პრაქტიკულად უმოქმედოდ გამოცხადდა.
"როგორ განვითარდება მოვლენები ამის პროგნოზირება რთულია, რადგან დღეს ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც პარტიის მმართველი ორგანო, (60 წევრისგან შემდგარი პოლიტსაბჭო, რომელიც 2013 წელს აირჩია ყრილობამ) პრაქტიკულად, დღეს არაქმედითად და უფუნქციოდ გამოცხადდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ ჩიხში შევედით", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.