საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც ეროვნულ ბანკს და საფინანსო სექტორის რეგულირებას ეხება, რეკლამირებისას ნებისმიერი ტიპის მომსახურებისა და საქონლის ფასდება უცხოურ ვალუტაში იკრძალება. ცვლილება დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
"საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით", - წერია ცვლილებათა პაკეტში.
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევას 5 ათას ლარამდე ჯარიმა შეიძლება მოჰყვეს.
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარში გამოხატვის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით", - წერია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტში.
ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ბაზარზე პროგნოზირებადობას გაზრდის.
"პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი არის ეროვნული ვალუტით, აქედან გამომდინარე, ეს არასწორი პრაქტიკაა. დეველოპერებიც, ყველა საუბრობს, რომ თუ უძრავი ქონების ფასდადება იქნება ლარით, ეს გაზრდის პროგნოზირებადობას, შეამცირებას ამ ბიზნესში პრობლემებს და რისკებს. მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში აისახა იმაში, რომ მოსახლეობამ დაივიწყა უძრავი ქონების ფასები დოლარით და გადაერთო ადგილობრივ ვალუტაზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება ფასი მიუთითოს ლარით, თუმცა, ამავე დროს, ის არ იზღუდება, თუ მას სურვილი ექნება, ფასი მიუთითოს დოლარითაც და ნებისმიერი სხვა ვალუტითაც", - ამბობს მესტვირიშვილი.
არსებული მდგომარეობით, რეკლამირებისას უცხოურ ვალუტაში ძირითადად უძრავი ქონების ფასებია მოცემული, სამომხმარებლო პროდუქციის შემთხვევაში კი ფასები პრაქტიკულად ყველგან ლარშია მითითებული.





