მეფე არტური

სავარაუდოდ, მეფე არტურის კამელოტის ციხესიმაგრის ადგილმდებარეობა აღმოაჩინეს

მეფე არტურს ხშირად შეხვდებით ლიტერატურასა და მხატვრობაში, თუმცა მისი არსებობა დღემდე დავის საგანია.

პენსიაში გასული პროფესორის, პეტერ ფილდის მტკიცებით, მან მეფე არტურის ლეგენდარული კამელოტის ციხესიმაგრის ადგილმდებარეობას მიაკვლია. მისი მტკიცებით, კამელოტი ქალაქ ჰადერსფილდის გარეუბანში მდებარეობდა.

ციხესიმაგრის ადგილმდებარეობა ათასობით წლის განმავლობაში უამრავი ჭორისა და სპეკულაციის საგანი იყო. თავად ცნობილი მეფე არტურის არსებობაც კი დღემდე სადავოა.

პროფესორის მტკიცებით, მითიური არტურის კამელოტი, მცირე ზომის რომაული ციხესიმაგრე იყო, რომელიც დასავლეთ იორკშირში, ქალაქი ჰადერსფილდის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ფილდის თქმით, მის მიერ კამელოტის აღმოჩენა შემთხვევითობაა.

"ეს (აღმოჩენა) თითქმის შემთხვევით მოხდა. რამდენიმე რუკას ვათვალიერებდი და უცბად, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მჯერა, რომ, სავარაუდოდ, 1400 წლის საიდუმლო გავხსენი", - თქვა ფილდმა.

რომაელები მსგავს ციხესიმაგრეებს Camulodunum-ს უწოდებდნენ, რაც ღმერთი კამულის ციხესიმაგრეს ნიშნავს. სავარაუდოდ, აქედან მოდის ციხესიმაგრის სახელი კამელოტიც.

პროფესორ ფილდის თქმით, ხეობა, სადაც მისი აზრით კამელოტი მდებარეობდა, იდეალური ადგილი იყო მეფე არტურისთვის თავისი კელტურად მოსაუბრე ბრიტანელი ჯარისკაცების სამართავად, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოჭრილ ანგლო-საქსონელებთან ბრძოლისას.

მეფე არტურის ძეგლი ინგლისში, სოფელ ტინტაგელის ციხე-სიმაგრესთან.
ფოტო: Getty Images

პროფესორი კამელოტის თემაზე ინტენსიურად, უკანასკნელი 18 თვის მანძილზე მუშაობდა.

"თუკი მეფე არტური მართლა არსებობდა, ის დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 500-იან წლებში ცხოვრობდა, თუმცა მისი კამელოტში ყოფნა პირველად 1180 წელს საფრანგეთის რეგიონ შამპანში დაწერილ პოემაშია ნახსენები. ის ფაქტი, რომ 500-დან 1180 წლამდე კამელოტი არსად არ არის ნახსენები, იმით აიხსნება, რომ შუა საუკუნეების პერიოდში მუდმივი ომები იყო და ძალიან ცოტა რამ იწერებოდა. ამ ინტერვალში ადამიანებმა უამრავი ინფორმაცია გამოტოვეს, ისტორიისა და ინფორმაციის დიდი ნაწილი გადაცემისას დაიკარგა. შესაძლოა, ადამიანებმა თავად გამოიგონეს ისტორიები, ან აურიეს მათთვის ცნობილი ფაქტები", - ამბობს ფილდი.

მიუხედავად იმისა, რომ მეფე არტურის არსებობა დღემდე სადავოა, ის ბრიტანელი მმართველები, რომელთა არსებობაც დადასტურებულია, ამბობდნენ, რომ ლეგენდა მეფე არტურზე რეალურია.

შანსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში მეფე არტურის ციხესიმაგრის ნანგრევის ფრაგმენტები მაინც აღმოაჩინონ, საკმაოდ მცირეა. პროფესორ ფილდის მითითებულ ადგილას კი დღეს გოლფის კლუბი და ავტომაგისტრალი M62 მდებარეობს.

კომენტარები