სასმელი წყალი სკოლებში

ომბუდსმენი: სკოლებიდან აღებული წყლის 129 სინჯიდან 45 არ შეესაბამება მოთხოვნებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015-2016 წლებში სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და დაადგინა, რომ 45 სინჯი არ შეესაბამებოდა "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული. შესაბამისი შემოწმების შედეგები სახალხო დამცველმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოითხოვა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა.

"გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვის სიცოცხლისა და გადარჩენის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლებაზე, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის პრინციპის განხორციელების აუცილებელ პირობაზე", - ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვს აღნიშნული პრობლემის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაუდებელ მოწესრიგებას.

კომენტარები