ტაბულამ ინტერვიუ ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტთან, თანამედროვე რუსეთის მკვლევართან ედვარდ ლუკასთან ჩაწერა. ლუკასი ავტორია ცნობილი წიგნისა "ახალი ცივი ომი: როგორ უქმნის კრემლი საფრთხეს რუსეთს და დასავლეთს." წიგნი რუსულ რბილ ძალაზე, ენერგორესურსების გამოყენებასა და რუსულ პროპაგანდაზეა. გასულ კვირას ედვარდ ლუკასი თბილისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიისს შვეიცარიული აკადემიური ქსელის მოწვევით სტუმრობდა.
პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუსთვის დრო გამონახეთ. ჩემი პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ამერიკის არჩევნებს უკავშირდება. თქვენი სტატიები წავიკითხე, სადაც ამბობთ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა მიმდინარეობს, ამერიკა კი ამას ხელს არ უშლის. თქვენი იმასაც ამბობთ, რომ ეს იმ დასავლეთის დასასრულია, რომელსაც ბოლო 60 წელია ვუყურებთ. რა გაძლევთ ასე ფიქრის, ასეთი დასკვნების გამოტანის საშუალებას?
ცხადია, საბჭოთა კავშირის აღდგენა იმ სახით არ ხდება, როგორც 1945 წელს, სამხედრო დაპყრობის გზით. ახლა იყენებენ ფულს, ენერგერესურსებს, ბინძურ ხრიკებს - პროპაგანდას, კიბერ თავდასხმებს, ელექტრონულ კომუნიკაციებში ერევიან.ბევრი ცუდი ამბავი მოხდა ბოლო კვირების განმავლობაში. ავიღოთ არჩევნები მოლდოვასა და ბულგარეთში, რომლებიც არასწორი გზით წავიდა. უნგრეთშიც შემაშფოთებელი ვითარებაა - ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და რუსულ სამხედრო სადაზვერვო სამსახურებს შორის კავშირი გამოიკვეთა. მთავრობის უნდობლობა გამოუცხადეს ესტონეთში, რაც ასევე არაა მისასალმებელი. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პუტინი წარმატებებს აღწევს. რაც შეეხება ტრამპის არჩევას, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ სწამს იმ ყველაფრის, რაზეც დასავლური სამყარო დგას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - მას არ სჯერა მოკავშირეების, მას არ სჯერა დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების, მას მოსწონს ძლიერი, სტაბილური ლიდერები უფრო, ვიდრე დემოკრატია, ასევე დაიმუქრა სავაჭრო ომითაც, რაც იქნება ძალიან შემაფერხებელი. ეს ყველაზე რთული და შესაძლოა ყველაზე სახიფათო პერიოდია, რაც ბოლო წლებში გვქონია.
როგორ უნდა ვუპასუხოთ და გავუმკლავდეთ ამ სირთულეებს?
პირველ რიგში, უნდა ვცადოთ ბატონი ტრამპის და მისი გარემოცვის ინფორმირება - ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იქნებიან მის ადმინისტრაციაში. ზოგიერთი ნიშანი გვანერვიულებს, მაგალითად, გენერალი მაიკლ ფლინი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად - რთულად წარმოსადგენია უფრო უარესი კანდიდატურა ამ პოსტზე. ამერიკელები უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ზოგიერთი კანდიდატი სენატისგან მხარდაჭერის მოპოვებას. არ მგონია, მაგალითად სენატორი ჯონ მაკკეინი მხარს უჭერდეს ისეთ სახელმწიფო მდივანს ან თავდაცვის მდივანს, რომელიც ნატოს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ბატონი ტრამპი რეალობას შეეჯახება რაღაც ეტაპზე, არ ვგულისხმობ რეალითი შოუს - ნამდვილ გეოპოლიტიკურ რეალობას ვგულისხმობ.
ამის ნიშნები ჩანს, მაგალითად მისი პოზიცია კედელზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე...
ზოგადად, სანამ ამერიკა სწავლობს, ფრონტისპირა ქვეყნები ფასს შეიძლევა იხდიდნენ . ჩვენ უკვე ვნახეთ გადატვირთვის პოლიტიკა, ბარაკ ობამას ოპტიმისტური და გულუბრყვილო მიდგომა რუსეთთან.ტრამპის პოლიტიკა უფრო ცინიზმსა და პესიმიზმს დაეფუძნება, რაც უარესი შეიძლება, იყოს. მოლოდინებიც უფრო დაბალია. ყურადღებით უნდ ავიყოთ და ევროპაში ერთხმად უნდა ვილაპარაკოთ ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ - მისი თანმხლები საფრთხეების და ფასის მითითებით.
ჰიბრიდული ომი ახსენეთ როდესაც რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე საუბრობდით. - რუსეთი, ასე ვთქვათ, ცდილობს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ჰიბრიდული ომის ერთერთი კომპონენტი რუსული პროპაგანდაა. მოგწონთ, როგორც უმკლავდება დასავლეთი რუსულ პროპაგანდას? ის ყველგანაა.
დაჰაკვისა და ინფორმაციის გაჟონვის კომბინაცია მართლაც ეფექტიანია. ამან მოიტანა მთავრობის ცვლილება პოლონეთში, ეს გამოიყენეს სხვა ქვეყნებშიც. განსაკუთრებით აქტიურად კი - ამერიკაში. ეს ისეთი რამაა, რაზეც სრული პასუხი არ გვაქვს. რადგან მედია მოწოდებულია, თქვას, რომ „ეს კარგი ამბავია“ და არ დაინტერესდეს წყაროთი - თუ მე მოვიპოვე რაღაც ფარული ინფორმაცია, რომელიც მათ ცუდად წარმოაჩენს, რატომაც არ დავბეჭდო?
თანაც არსებობს სოციალური მედია. თუ მედია არ დაბეჭდავს...
სოციალური მედიაც. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთმა მართლაც დიდი წარმატებას მიაღწია. ვფიქრობ უფრო ზოგადად რუსულ პროპაგანდაზე. არსებობს ძალზედ შთამბეჭდავი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი რიგაში. ასევე პატარა, მაგრამ ძალზედ ეფექტური ევროკავშირის ცენტრი. მე ბევრი დრო გავატარე მთავრობებთან საუბარში, ყველა მსგავს რამეს ამბობს - როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის ინფორმაციულ თავდასხმებს? ხუთი-ათი წლის წინ, 2007 წელს, როდესაც "ახალი ცივი ომი" დავწერე, ადამიანები იცინოდნენ, თუ ვიტყოდი, რომ რუსულ პროპაგანდაზე უნდა ვნერვიულობდეთ. ახლა არ იცინიან.
ეს კარგია. ჩვენ უკვე შევამჩნიეთ, რომ რიგის სამიტზე, ევროკავშირის სამიტზე, მედია კონფერენცია მთლიანად ეძღვნებოდა რუსულ პროპაგანდას. კარგის ნიშანია, რომ გამოღვიძების პროცესი მიდის. ახლა თქვენს სამშობლოს დავუბრუნდები. ბრექსიტი. მოხდება ბრექსიტი? საუბრობენ იმაზეც, რომ ის არ არის სამართლებრივად სავალდებულო და ა.შ. მოხდება ეს? და თუ მოხდება, როგორ გავლენას მოახდეს ევროპის ცვალებად ლანდშაფტზე?
ბრექსიტი ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე სევდიანი დღე იყო. მთელი ზრდასრული ცხოვრება, მოზარდობაც, გავატარე მცდელობაში, რომ ბრიტანეთი უფრო ჩართულიყო ფრონტისწინა სახელმწიფოების ბედში, სახელმწიფოების, რომლებიც დაპყრობილი ერები იყვნენ. ეს საშინელი უკანდახევაა. ბრიტანეთი მშვენივრად იქნება, ის დიდი, ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენ ყველა გადავიხდით ფასს ამ ძალზედ სულელური გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ კვლავ დავრჩებით დამოუკიდებელ და მდიდარ ქვეყნად. დიდ ფასს ფრონტისწინა ქვეყნები იხდიან, რომელთაც სჭირდებოდათ, რომ ბრიტანეთი მნიშვნელოვნად ყოფილიყო ჩართული ევროპის უსაფრთხოებაში.
არ ფიქრობთ, რომ მაინც ჩართული იქნება? მაგალითად, მარგარეტ ტეტჩერი არ იყო ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მან გადამწვეტი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში. რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ ბრიტანეთი არ იქნება ჩართული ფრონტისწინა ქვეყნების დაცვაში.
პირველ რიგში, ტეტჩერი, სინამდვილეში, ღრმად იყო ჩართული ევროკავშირში, ერთიანი ევროპული ბაზრის იდეაზე. ცხადია, ევროკავშირი მაშინ გაცილებით მცირე იყო.ახლა სხვანაირადაა. ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო, კანონებზე დაფუძნებული ეკონომიკური წესრიგი მსოფლიოში. საერთო ბაზარი არამარტო კეთილდღეობისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მას დღეს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ბრიტანეთის გარეშე ის ნაკლებ ეფექტურია. ჩვენ გვჭირდება დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუნდაც რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნების გამო, საქართველოსნაირ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის. თუ ბრიტანეთი არ იქნება ევროკავშირში, ამ იდეების მხარდამჭერი ხმები სუსტი იქნება. ამან შეიძლება ჩვენ ნაკლებ, თქვენ კი მნიშვნელოვნად დაგაზიანებთ.
ბოლო კითხვას დაგისვამთ. რუსები ზეიმობენ ტრამპის გამარჯვებას. თეთრ სახლში ჩვენი ხალხია - ასე ამბობს რუსული მედია. ეს საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გადაჭარბებაა. რუსეთში ბრექსითითაც გაიხარეს. ეს მათთვის ევროკავშირის დისკრედიტაციის მაგალითი იყო. ღიად პრორუსული პარტიები იმარჯვებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - მაგ. მოლდოვაში, ბულგარეთი. საქართველოში ქსენოფობიურმა და ჰომოფობიურმა, პრორუსულმა პარტიამ მოახერხა პარლამენტში მოხვედრა. ეს პირველი შემთხვევაა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამ მოვლენებს შორის რამე კავშირს ხედავთ? რა ხდება?
პირველ რიგში, ბრექსითი ჯერ არ მომხდარა. იმედი მაქვს, რომ არც მოხდება. რაც უფრო დიდხანს დააკვირდება დიდი ბრიტანეთი ბრექსითის პროცესს, მით უფრო რთული გახდება ის და დიდხანს გაიწელება. როგორც ადრე იყო, ნახევრად შიგნით და ნახევრად გარეთ, შეიძლება ასე დავრჩეთ. საბოლოოდ, ეს დიდ განსხვავებას არ მოიტანს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, პოპულისტური პარტიების აღზევება, რომლებიც ხშირად სწორედაც ქსენოფობიურია. აქ მთავარი ისაა, რომ ხალხს ელიტები მობეზრდა. ჩვენ თქვენ, პოლიტიკოსებს გენდეთ ცივი ომის შემდეგ, შედეგი კი ფინანსური კრიზისია, შემოსავალი არ იზრდება. ჩვენ ეს მოგვბეზრდა -ასეთია ბევრის პოზიცია. ბრექსითი სინამდვილეში არ ყოფილა რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე. ეს იყო რეფერენდუმუმი კითხვით - მოგწონთ თუ არა ბრიტანეთის პოლიტიკური კლასი. ეს ბევრისთვის, დიდი ხნის მანძილზე, იყო პირველი არჩევნები როდესაც მათი ხმა რამეს ცვლიდა.
ასე გამოხატეს მათ თავისი ბრაზი.
დიახ, დიახ. იგივე მოხდა ამერიკაშიც. ასე ბევრსაც შეიძლება არ მოსწონდა ტრამპი, მათ უბრალოდ ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტა მობეზრდათ. მე შემიძლია გავიგო რატომ. ამ ელიტამ უნდა გაიაზროს, რატომ არ ენდობა მათ ხალხი. ამის ბევრი მიზეზია. მათ შორის მოსახლეობის განცდა, რომ მათ ხშირად სიმართლეს არ ეუბნებიან. გლობალიზაციის კარგი შედეგები მხოლოდ ერთი მიმართულებით ნაწილდება, უარყოფითი მხარეები კი პირიქით. ესეც აბრაზებს ხალხს. ამ ყველაფრის გამოსწორების გზა ერთადერთია - თავად ჩვენი პოლიტიკური სისტემა უნდა გახდეს უკეთესი. ამის შემდეგ მოსახლეობა უფრო ნაკლებად მოუსმენს ამ პოპულისტურ პარტიებს.
დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.