გოგონების წინადაცვეთა საქართველოში

ომბუდსმენი: ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გოგონების წინადაცვეთას ადასტურებს


სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობას ადასტურებს.

ომბუდსმენის აპარატმა საქართველოში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევების შესწავლა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, გოგონების წინადაცვეთის (ე.წ. „ნათლობის") დროს, „ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში".

ამავე ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ორ სოფელში კი მას მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მისდევს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს". ამგვარი პრაქტიკის მიზანი ძირითადად ქალისა და მის სხეულის კონტროლია. სახლის პირობებში მსგავსი მანიპულაციის ჩატარებამ კი, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს.

„სამწუხაროდ, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ. ასევე, არ იციან თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ", - ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველის ცნობით, მისი რწმუნებულები შეხვდნენ შსს-ს ყვარლის რაონული სამმართველოს უფროსს, რომლის ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ ბოლო დროს შეიტყვეს, თუმცა გადამოწმებისას არ დადასტურდა.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას, ყველა ზომა მიიღოს ამ „ახლად აღმოჩენილი მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად". სახალხო დამცველმა ინფორმაცია უკვე მიწოდა ჯანმრთელობის და შს სამინისტროებს, ასევე მთავარ პროკურატურას.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკის შესახებ სტატია გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" (IWPR). სტატიის მიხედვით, ხსენებული პრაქტიკა გავრცელებულია კახეთის ავარიელების ეთნიკური ჯგუფით დასახლებულ სამ სოფელში.

სტატიის ავტორი ერთერთი სოფლის მაცხოვრებელ ქალსაც ესაუბრა, რომელიც ამ პროცედურას უკვე 20 წელია, ატარებს. მისი თქმით, წინადაცვეთა ბევრი გოგონასთვის გაუკეთებია და ეს, ბიჭებისგან განსხვავებით, არა სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სახლის პირობებში ხდება.

სტატიის ავტორის ცნობით, საქარველოს ჯანდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკის შესახებ პირველად შეიტყვეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პრესსამსახურმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები სხვადასხვა ანგარიშებში აღწერილი არ არის, თუმცა სახალხო დამცველი ამ ინფორმაციით დაინტერესდება.

 

კომენტარები