აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპი: პირობას ვდებ ყველა მოქალაქის წინაშე, მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

Getty Images

დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოსახლეობას არჩეული პრეზიდენტის რანგში პირველად მიმართა.

ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. 

"პირობას ვდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგმართავთ მათაც, ვინც მე მხარი არ დამიჭირა, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მას გამოწვევების არ ეშინია და "დიდი ეკონომიკური გეგმები" აქვს.

"ჩვენ გავაორმაგებთ ზრდას და გვექნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა. გარდა ამისა, ჩვენ ვიმუშავებთ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება ყველასთან. არცერთი ოცნება არ არის გადამეტებული და არცერთი გამოწვევა არ არის ზედმეტად რთული. არაფერი, რისი მიღწევაც გვსურს, არ არის მიუწვდომელი. ამერიკას ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო ექნება", - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მას უკვე დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება. უკანასკნელი მონაცემებით მას საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა.

საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება იყო საჭირო.

კომენტარები