აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

FBI-იმ კლინტონის ელექტრონულ წერილებში კრიმინალის ნიშნები ვერ აღმოაჩინა

Reuters

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილებში კრიმინალის ნიშნებს ვერ მიაგნო.

FBI-ის ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ კლინტონის ელექტრონული წერილების შემოწმების შედეგების შესახებ კონგრესში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

კლინტონის იმეილების საქმეზე გამოძიება 2016 წლის ივლისში, ბრალის წარდგენის გარეშე შეწყდა, თუმცა, მოგვიანებით, FBI-ს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი აცხადებდა, რომ გამოძიება შესაძლოა, განახლებულიყო, რადგანაც საქმეში ახალი სამხილები გამოვლინდა. საქმე ეხება ათასობით ელექტრონულ წერილს, რომლებიც კონგრესმენი ენტონი ვაინერის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიების დროს ვაინერის კომპიუტერში შემთხვევით აღმოაჩინეს. ვაინერის კომპიუტერს მისი ყოფილი მეუღლე, ჰუმა აბედინიც იყენებდა. აბედინი კი, წლების განმავლობაში კლინტონის მრჩეველი იყო.

კლინტონის იმეილების საქმე 2015 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. გამოძიების ცნობით, კლინტონი სახელმწიფო მდივნობის პერიოდში (2009-13), სამსახურებრივი მიმოწერისას დაცული იმეილის სერვერის ნაცვლად, კერძო სერვერს იყენებდა. კანონის მიხედვით კი, აშშ-ში თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, სამსახურებრივი მიმოწერა დაცული და არა კერძო ელექტრონული სერვერიდან აწარმოონ.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს შედგება. ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპია.

კომენტარები