იფნლაცია

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად, საქართველოში ინფლაცია დეფლაციამ შეცვალა

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ (ინფლაციამ) მინუს 0.2% შეადგინა, ეს 2013 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ინფლაცია დეფლაციამ შეცვალა.

ოქტომბერში არსებული დაბალი ინფლაცია რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საწვავის გაიაფებაა, რის გამოც წინა წელთან შედარებით ტრანსპორტის სექტორში არსებული ფასები 6.7%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით 0.2%-ით არის გაზრდილი სურსათის ფასები. საქსტატის მონაცემებით, 3.9%-ით გაიაფდა ავეჯისა და საოჯახო ნივთების შეძენა, ასევე სახლის მოვლა. ასევე 5.2%-ით გაიაფდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ღირებულება. 

შედარებით მაღალი ინფლაცია კი ფიქსირდება თამბაქოსა და ალკოჰოლის ნაწარმზე. ამ ჯგუფში საქონელის ღირებულება წინა წელთან შედარებით 10.9%-ითაა გაზრდილი, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის (ადვალური) გადასახადის ზრდას უკავშირდება. ასევე წინა წელთან შედარებით 2.8%-ით არის გაზრდილი სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების ღირებულება. კავშირგაბმულობის ღირებულება კი 3.9%-ით არის გაზრდილი. 

ბოლო ორი წლის მანძილზე ინფლაცია ყველაზე მაღალი - 6.3% 2015 წლის ნოემბერში იყო, მაშინ ინფლაციის მიზეზი ლარის მკვეთრი გაუფასურება იყო. ეროვნულმა ბანკმა მაღალ ინფლაციაზე საპასუხოდ 2015 წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა (რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა), რასაც ინფლაციის კლება მოჰყვა. 

კომენტარები