კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

ვარძიაში ცეცხლი გაჩნდა, შედეგად, ტაძრის მხატვრობა ნაწილობრივ ჭვარტლით დაიფარა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, შედეგად, ტაძრის უნიკალური მხატვრობა ნაწილობრივ ჭვარტლით დაიფარა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში სპეციალისტები გაგზავნა. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტები კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკას შეარჩევენ, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი ტაძარია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა. ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დროებით შეზღუდულია.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაზე და საერთაშორისო მასშტაბით დარგში აღიარებული უნივერსიტეტია. კურტოს ინსტიტუტთან და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობის დეტალური შესწავლა, დოკუმენტირება და საკონსერვაციო მდგომარეობის დიაგნოსტიკა. კვლევა ითვალისწინებს კედლის მხატვრობის საფუძვლის ფენის, ნალესობის ფენის, ფერწერული ფენის შესწავლას. ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობის ბუნებრივი დაზიანების საფრთხე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა", - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები