FBI-მ კლინტონის ახალი ელექტრონული წერილების შემოწმების ორდერი მიიღო

si.wsj.net

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ახალი ელექტრონული წერილების შემოწმების ორდერი მიიღო. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან აღმოჩენილ წერილებს შესაძლოა, ჰილარი კლინტონის მიერ სამსახურებრივი ელექტრონული მიმოწერისას პირადი იმეილის გამოყენების საქმის გამოძიებასთან ჰქონდეს კავშირი.

კლინტონის იმეილების საქმეზე გამოძიება 2016 წლის ივლისში, ბრალის წარდგენის გარეშე შეწყდა, თუმცა, მოგვიანებით, FBI-ს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი აცხადებდა, რომ გამოძიება შესაძლოა, განახლდეს, რადგან ახალი სამხილებია აღმოჩენილი. საქმე ეხება ათასობით ელექტრონულ წერილს, რომლებიც კონგრესმენი ენტონი ვაინერის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიების დროს ვაინერის კომპიუტერში შემთხვევით აღმოაჩინეს. ვაინერის კომპიუტერს მისი ყოფილი მეუღლე, ჰუმა აბედინიც იყენებდა. აბედინი კი, წლების განმავლობაში კლინტონის მრჩეველი იყო.

ჯეიმს კომის თქმით, გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ახალი ელექტრონული წერილები რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

კლინტონის იმეილების საქმე 2015 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. გამოძიების ცნობით, კლინტონი სახელმწიფო მდივნობის პერიოდში (2009-13), სამსახურებრივი მიმოწერისას დაცული იმეილის სერვერის ნაცვლად, კერძო სერვერს იყენებდა. კანონის მიხედვით კი, აშშ-ში თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, სამსახურებრივი მიმოწერა დაცული და არა კერძო ელექტრონული სერვერიდან აწარმოონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგე კი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება.

კომენტარები