ლარის კურსი

კობა გვენეტაძე: ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას ლარის კურსზე დადებითი ეფექტი აქვს

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენმეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას ეროვნული ვალუტის კურსზე დადებითი ეფექტი აქვს, თუმცა აქვე გვენეტაძე იმასაც ამბობს, რომ თუ წლის ბოლომდე ბიუჯეტის ხარჯვა გეგმის მიხედვით გაგრძელდა, ეს ლარზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ ხარჯების შემცირებას აქვს კურსზე კარგი ეფექტი, ანუ ის შეუწყობს ხელს გამყარებას. მაგრამ ისევ და ისევ, ის ციფრები, რაც დღეს გვაქვს, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ 2016 წლის ბოლოს თუ განხორციელდა იმ დონით და განრიგით ბიუჯეტის ხარჯვა, რაც დაგეგმილია, ეს ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს გაცვლით კურსზე", - ამბობს გვენეტაძე.

კობა გვენეტაძის თქმით, ლარის კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია.

"თუ გადავხედავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გაზვნილები 13%-ით არის გაზრდილი. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც მიაღწია გუშინ სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით", - ამბობს გვენეტაძე.

 

კომენტარები