არჩევნები 2016

პრემიერი: საკონსტიტუციო უმრავლესობა გვინდა იმიტომ, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით, "არაჯანსაღი სპეკულაციები ატყდა". პრემიერის თქმითვე, სასიხარულოა ფაქტი, რომ წინასწარი მონაცემებით, წინ არის მეორე ტურები. 

"მინდა, ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მაღალი აქტივობაა საჭიროა. აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა პარტია ქართულმა ოცნებამ, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ამიტომ ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან ქართული ოცნება იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური. ჩვენ გვქონდა წარსულში პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია იყო მორგებული ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა უპირველეს ყოვლისა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ ძალიან აქტიურად, მივიყვანოთ ბოლომდე. რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა შეიქმნას უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა ეკონომიკური განვითარების და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააგრძელოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია. ამისთვის გვინდა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს არის, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე", - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

რაც შეეხება კონსტიტუციას, პრემიერის შეფასებით, "რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია".

გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე, "მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ პარლამენტში პირველ რიგში, დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებთ დაკავებული ყველანი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების, ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს. იმ დანაპირებს, რომელიც გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად უკლებლივ ყველას შევასრულებთ. ეს იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა".

პრემიერის მტკიცებით, "საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იმედი მაქვს, რომ მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ და მხოლოდ არის მეორადი და იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი დანაპირები შესრულდეს, რა თქმა უნდა, თუ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნება".

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს, 50 ოლქში გაიმართება. ოლქების უმეტესობაში ერთმანეთს ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. გამონაკლისია რამდენიმე ოლქი. კერძოდ, მთაწმინდაზე მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ენმ-ის კანდიდატი ნიკა რურუა და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ჭიათურის ოლქში - ქართული ოცნების და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატები, გორში - ირაკლი ალასანია (რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა) და ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ მაკრიხიძე, ხაშურის ოლქში - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) და ქართული ოცნების კანდიდატი ვალერი გელაშვილი, ხოლო მცხეთაში დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი და ქართული ოცნების კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა პროდასავლურ პარტიებს მოუწოდა, რომ მეორე ტურებში ხმა ოპოზიციას მისცენ. მათი თქმით, ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მნოშვნელოვნად დააზარალებს დემოკრატიულ პროცესს.

კომენტარები