არჩევნები 2016

NDI: მიუხედავად ძალადობის ფაქტებისა, ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ შეზღუდვია

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს. ანა ნეიც-უტებროკმა ხმის მიცემისა და დათვლის პროცესზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე ძალადობის ფაქტებით დასრულდა, არჩევნები მაინც დემოკრატიულად ჩატარდა.

"საპარლამენტო არჩევნების გუშინდელი დღე დაიწყო მშვიდ გარემოში, თუმცა, სამწუხაროდ, დასრულდა ძალადობის ცალკეული შემთხვევების გამოვლინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალადობის ყველანაირი ფაქტი მიუღებელია. ამის მიუხედავად, ქართველი ამომრჩევლის, საუბნო კომისიის წევრებისა და პარტიების კანდიდატების დიდმა ნაწილმა არჩევნებში მშვიდობიანი მონაწილეობით დემოკრატიისადმი ერთგულება დაადასტურა", - თქვა ანა ნეიც-უტებროკმა.

NDI-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი დამკვირვებლები დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი. მისი თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მათგანი საუბნო კომისიის საქმიანობაში ერეოდა. იგი ასევე დადებითად აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას. ანა ნეიც-უტებროკის თქმით, მიუხედავად მცირე დარღვევებისა, საარჩევნო პროცესი მშვიდობიან რეჟიმში წარიმართა.

"NDI-ის, ასევე, სურს, ხაზი გაუსვას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დიდი რაოდენობით მონაწილეობას. თუმცა, ასევე, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი ერეოდა საუბნო კომისიის საქმიანობაში. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებმა უმეტესად ხმა მშვიდ გარემოში მისცეს და ხმის მიცემის ფარულობა უმეტესწილად დაცული იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში, უამრავი საათი მუშაობდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეწყოთ საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვისთვის. მე, როგორც ქალმა, უნდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო უბნებზე მომუშავე ადამიანების უმეტესობა ქალი იყო მიუხედავად იმისა, რომ ქალი კანდიდატების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. NDI-ის დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს და აღწერეს მცირე დარღვევები, თუმცა, საერთო ჯამში საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად წარიმართა", - თქვა ანა ნეიც-უტებროკმა.

ანა ნეიც-უტებროკმა ხმების დათვლის პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძალადობის ფაქტების გამოვლინება ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავი შედეგების გამოქვეყნებამ განაპირობა. მან ცესკო-ს მიერ შედეგების გამოქვეყნების გაჭიანურებას გაუსვა ხაზი.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხმის დათვლის პროცესი ზოგ შემთხვევაში შეჩერდა და შეწყდა, ზოგ შემთხვევაში ხმის დათვლას ხელი შეეშალა, ზოგ შემთხვევაში კი, ძალადობა გამოვლინდა. ეს დაძაბულობა გარკვეულწილად ურთიერთგამომრიცხავი ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებამ განაპირობა, რამაც პროცესები გადაიტანა ცესკო-ს წინ, სადაც აქცია გაიმართა გუშინ ღამით. ამ ტიპის დაპირისპირებები ხელს უშლის იმ მოქალაქეების ნების დაფიქსირებას, რომლებმაც დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და ხმის მიცემა გადაწყვიტეს და, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების საქმიანობასაც, რომლებმაც თავდადებით განახორციელეს მათზე დაკისრებული მოვალეობები. მიუხედავად ყველაფრისა, ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ შეზღუდვია. ამას დააკვირდნენ როგორც ჩვენი დამკვირვებლები, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც და საბოლოო ჯამში, ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, რომ ხმა მიეცათ და გამოევლინათ საკუთარი ნება საარჩევნო უბნებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს მიერ შედეგების გამოქვეყნების დაგვიანებამ არ შეუწყო ხელი არჩევნების პროცესის უწყვეტობას. NDI კვლავ დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს და განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს. დასკვნის სახით, NDI მოუწოდებს ყველა მხარეს, საჩივრების არსებობის შემთხვევაში, მოახდინონ ამ საჩივრების დოკუმენტირება და მათ გადასაწყვეტად იმოქმედონ კანონის ფარგლებში", - თქვა ანა ნეიც-უტებროკმა.

 

კომენტარები