არჩევნები 2016

MDF: არჩევნების დღეს, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში მედიის რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა. MDF მოუწოდებს დაცვის პოლიციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე სხვა სუბიექტებს, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

"თბილისში, მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანში, სადაც ხმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნდა მიეცა, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ნეტგაზეთის ჟურნალისტებს გადაღებული მასალის ნახვა მოსთხოვა და მიმართა, რომ მისთვის არ გადაეღოთ (08:33).

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კურიერის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა (15:44). ​

თბილისის ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე 7-დან 8 საათამდე პერიოდში ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი, ასევე დამკვირვებლები არ შეუშვეს. უბნის კომისიის თავმჯდომარემ გამოცემას განუმარტა, რომ 7 საათამდე მისული დამკვირვებლები შეუშვეს, შემდეგ კი უბანი 1 საათით ჩაკეტეს.

მეგა TV-ს, ონლაინ გამოცემების "ქუთაისიპოსტის" და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს ქუთაისში, სასჯელაღსრულების დაწესებულების #127 სპეციალურ უბანზე რამდენიმე საათი არ უშვებდნენ (13:56): 11:20 საათზე ციხის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ ისინი მათთვის გადაცემულ სპეციალურ სიაში არ იყვნენ, ხოლო ცესკოს მიერ გაცემული მოწმობები დედანი არ იყო. ცესკოსთან კომუნიკაციის შემდეგ, 12:20 სთ-ზე ჟურნალისტები ადგილზე შეუშვეს, თუმცა, საარჩევნო უბანზე „ნეტგაზეთის" რეპორტიორს ხმის ჩამწერი და ფოტო კამერა არ შეატანინეს. ფოტოკამერის გამოყენების უფლების შეზღუდვის გამო საიამ კომუნიკაცია დაამყარა სასჯელაღსრულების მინისტრთან, რის შემდეგაც „ნეტგაზეთს" უბანზე ფოტოკამერა შეატანინეს" - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის განცხადებაში.

კომენტარები