არჩევნები 2016

ენმ-ის დამკვირვებელს და მის მამას სახლთან სცემეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საბურთალოზე, პარტიის დამკვირვებელს ჯერ უბნის დატოვება აიძულეს, შემდეგ თავად და მამამისი სახლთან სცემეს.

"მინდა, გამოვეხმაურო შემთხვევას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა. საბურთალოს მეექვსე ოლქში, 48-ე უბანზე, ჯერ აიძულეს ჩვენი წარმომადგენელი მამუკა კურტანიძე, დაეტოვებინა საარჩევნო უბანი. ამის მერე, როდესაც მამამისი და თავად მივიდნენ საკუთარ სახლთან იმავე უბანში, თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. დაახლოებით 4 მანქანიდან გადმოვიდა 20-მდე პირი, მათ ჯერ გამოელაპარაკნენ, ამის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფაქტს მოჰყვება სათანადო რეაგირება. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართული ოცნების აქტივისტებს მოვუწოდო, მაქსიმალურად ეცადონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს. ასევე, ვგმობთ ყველა მსგავს ფაქტს და ნებისმიერ ძალადობას", - თქვა პარტიის წევრმა გიორგი ტუღუშმა.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 125-ე, ცემის მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები