არჩევნები 2016

შსს: თანამშრომლები წინასწარ შედგენილი გრაფიკით მისცემენ ხმას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციას, რომ პოლიციელები ხვალ მთელი დღის განმავლობაში "ყაზარმულ მდგომარეობაზე" იქნებიან გადაყვანილი, რათა არ მიეცეთ ხმის მიცემის საშუალება, შინაგან საქმეთა სამინისტრო სიცრუედ აფასებს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს გიორგი მღებრიშვილის, რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებულ, ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც 8-დან 10 ოქტომბრამდე უწყების თანამშრომლები, პოლიციელები განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება "სამინისტროს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ". "სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობები გათვალისწინებულია "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით, რომლითაც დადგენილია მინისტრის უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით გამოაცხადოს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმი ხელს არ უშლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, "მინისტრის ბრძანებით, შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რათა, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ყველა ჩვენი რესურსი იყოს სათანადოდ მობილიზებული. ეს ბრძანება ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის და დაინტერესებული პირისთვის. ამ ბრძანებაშივეა მითითებული, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ, დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ყველა ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი თავისუფალია თავის არჩევანში და ვინც რა უნდა თქვას, პოლიცია დღეისთვის არის დეპოლიტიზებული და ჩვენ ამ სტანდარტს ძალიან ვუფრთხილდებით."

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება პოლიციის გარდა, ჯარისკაცებსაც ეხებოდა. გიგა ბოკერიას თქმით, "სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი დარჩება საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ". თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული გამორიცხა და საფუძველმოკლებული უწოდა.

კომენტარები