ლარის კურსი

გოცირიძე: მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა ლარი ხვალამდე არ გაუფასურდეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ათეულის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა წინასაარჩევნოდ ლარის გაუფასურება არ დაუშვან. გოცირიძის თქმით, ქვეყანაში გაცილებით უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობის პერიოდიც იყო, თუმცა ეროვნულ ბანკს მაშინ ამ მოცულობის ინტერვენციები არ განუხორციელებია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეზერვები წინასაარჩევნოდ იყიდება.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა ფულად-საკრედიტო ბაზარზე. ლარი შეიძლება ითქვას, რომ მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა იგი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ხვალამდე. ეროვნული ბანკი ახორციელებს დიდძალ ინტერვენციას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე გაიყიდა $160 მილიონი დოლარი და ბოლო ორ კვირაში განხორციელდა $120 მილიონი დოლარის ფარგლებში ინტერვენცია. არ არის გამორიცხული, დღესაც შეატყობინოს ბიზნესს ეროვნულმა ბანკმა, რომ აპირებს დოლარის გამოტანას ორშაბათისთვის, რომ ლარი დაამშვიდოს და შექმნას ლარის სტაბილურობის ილუზიები", - ამბობს გოცირიძე.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა, თუმცა ამ ინტერვენციით ლარის გამყარება ვერ შეძლო და კურსი 0.2 თეთრით მაინც გაუფასურდა. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.336 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, განმარტავს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ბიუჯეტია. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი კი ლარის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, რადგანაც დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას გეგმავს. 2017 წლის ბიუჯეტით მთავრობის ხარჯები 441 მილიონი ლარით იზრდება და 10.1 მილიარდ ლარს აღწევს.

კომენტარები