ლარის კურსი

ბოკერია: სებ-ი ინტერვენციებით ამცირებს დარტყმას ლარზე, მთავარი პრობლემა კი ბიუჯეტია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გაუფასურების მნიშვნელოვანი მიზეზი არის ბიუჯეტის ხარჯები. ბოკერიას თქმით, 2017 წელსაც მთავრობა ბიუროკრატიული ხარჯებისა და საბიუჯეტო დეფიციტის ზრდით არსებული კურსის გაგრძელებას გეგმავს, რასაც ლარზე ნეგატიური გავლენა ექნება. დღესაც ეროვნულმა ბანკმა ლარის მერყეობის შესაჩერებლად $20 მილიონი გაყიდა, თუმცა ეს ინტერვენცია გამყარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ლარი 0.2 თეთრით გაუფასურდა. 

"რაც ჩანს ოცნების მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ბიუჯეტში, ეს არის შემდეგი, არ იზრდეშბა პენსია, არ იზრდება მასწავლებლების ხელფასი, მცირდება ინფრასტრუქტურის ხარჯები, ამის საპირისპიროდ კი იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები 200 მილიონზე მეტით. და ამასთან ერთად ნაერთ ბიუჯეტში დეფიციტი იზრდება 300 მილიონზე მეტად, ანუ ბიუჯეტის ხარჯები იზრდება მის შემოსავლებზე მეტად, ეს კი ხდება ეკონომიკური კრიზისისა და სტაგნაციის ფონზე. რის ხარჯზე შეიძლება დაბალანსდეს ეს ყველაფერი როდესაც ეკონომიკა არ მუშაობს და არ იზრდება და როდესაც გადასახადების დაწევაზე ოცნება პრინციპულად უარს აცხადებს? ეს დაბალანსდება ლარის გაუფასურების ხარჯზე. ამ ფულს ამოიღებს მთავრობა ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურების ხარჯზე, რაც ერთხელ უკვე მოხდა და რაც უკვე ვიწვნიეთ საკუთარ თავზე. ახლა ეროვნული ბანკი ცდილობს ამ დარტყმის შერბილებას საკუთარი ინტერვენციებით, მაგრამ ეს არის დროებითი ზომა ამ ყველაფრის შეცვლას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები", - ამბობს ბოკერია

ეროვნულმა ბანკმა 25 აგვისტოს შემდეგ 5 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და სავალუტო აუქციონზე ჯამში $140 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, განმარტავს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, იმ პირობებში თუ მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკა გაგრძელდება ლარის შემდგომი გაუფასურება გარდაუვალი იქნება. ბოკერიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში გამარჯვების შემდგომ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ბიუროკრატიული ხარჯების, გადასახადების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებით გეგმავს.

2017 წლის ბიუჯეტით მთავრობის ხარჯები 441 მილიონი ლარით იზრდება და 10.1 მილიარდ ლარს აღწევს.

კომენტარები