ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა. სავალუტო აუქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.336 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 0.2 თეთრით მეტია, შესაბამისად, ეს $20 მილიონი ლარის გამყარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.  

ეროვნული ბანკი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, განმარტავს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

ეს 25 აგვისტოს შემდეგ მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ჯამში ან ინტერვენციების მოცულობამ $140 მილიონი შეადგინა. გაზაფხულზე სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით დაახლოებით $260 მილიონი შეისყიდა, რამაც ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა გამოიწვია.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

კომენტარები