ლარის კურსი

გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ სავალუტო რეზერვების 4% დახარჯა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევო ათეულის წევრი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) წინასაარჩევნოდ ლარის კურსის "დაჭერაში" ადანაშაულებს. ეროვნულმა ბანკმა გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა, რითიც ლარის კურსის 0.2-თეთრიანი გამყარება გამოიწვია. გოცირიძის აზრით, ამ ინტერვენციებით ეროვნული ბანკი მხოლოდ გაუფასურების გადავადებას იწვევს.

"ბიუჯეტის ხარჯებს ლარის კურსზე აქვს ნეგატიური გავლენა. ეროვნულმა ბანკმა კი ფაქტობრივად განახორციელა $100 მილიონის ინტერვენცია. ეს არის ძალიან დიდი მოცულობის თანხა, ის სავალუტო რეზერვების დაახლოებით 4%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ეს არის პრობლემის გადავადება. წელსაც ხარჯების გეგმა 300 მილიონით არის გარღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა ისევე დააწვება წლის ბოლოს ლარის კურსს. რეზერვების ხარჯვით, რომ ეს პრობლემა არ გადაიჭრება ამას საერთაშორისო პრაქტკაც მოწმობს", - ამბობს გოცირიძე.

ეროვნული ბანკი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, ამბობს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

25 აგვისტოს შემდეგომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებზე $120 მილიონი დახარჯა. გაზაფხულზე სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით დაახლოებით $260 მილიონი შეისყიდა, რამაც ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა გამოიწვია.

კომენტარები