არჩევნები 2016

ბოკერია: გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა არავისთან

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს, თუმცა მისი თქმით, ენმ-ს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ კოალიციის შექმნა არავისთან დასჭირდება. Facebook-ის Live-ში ბოკერიას ჰკითხეს, რომელ პარტიებთან ითანამშრომლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლის შემდეგ.

"მე ვიტყვი, ვისთან არ ვაპირებთ - ვინც არის მილიარდერ ივანიშვილის კონტროლის ქვეშ, ვინც არის პუტინის მოკავშირე ან დადის პუტინთან შეხვედრებზე, ღიად ან ნახევრად ღიად არის პუტინის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში და ვინც სიძულვილს და ძალადობას ქადაგებს. ასეთ პარტიებთან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გვექნება ვერანაირი თანამშრომლობა. სხვებთან, როგორი განსხვავებულებიც არ უნდა ვიყოთ, როგორი პოლიტიკური ანტიპატიაც არ უნდა გვქონდეს, თუ ამომრჩევლის ვერდიქტი ასეთი იქნება, ვითანამშრომლებთ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა არავისთან. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არ დაგვჭირდეს კოალიცია" - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ კოალიციის ალბათობა მაღალი არ არის, რადგან ენმ-ს მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

"მხოლოდ პროპორციული სისტემით რომ იყოს არჩევნები, მაშინ გარანტირებულად შეიძლებოდა თქმა, რომ ყველა შემთხვევაში იქნებოდა კოალიცია. ხედავთ ყველა სანდო კვლევით, როგორი ვითარებაა და საზოგადოებაშიც როგორი ვითარებაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმ ტიპის სისტემა, სადაც ძლიერ პარტიას მეტი აქვს. ჩვენ დღეს ვართ ყველაზე ძლიერი პარტია, გვაქვს შესაძლებლობა და დავამარცხებთ მმართველ პარტიას მაჟორიტარულ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, კოალიციის ალბათობა არ არის მაღალი, თუმცა არ არის გამორიცხული. კოალიცია შეიძლება გვქონდეს მათთან, ვინც არ არიან მილიარდერის კონტროლის ქვეშ, არ არიან პროპუტინისტური იდეების გამტარებელი და ვინც სიძულვილს და ძალადობას არ ქადაგებს, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, ვის ვგულისხმობ. არანაირი მიზანსწრაფვა არ გვაქვს, რომ ეს მოხდეს მაინცდამაინც, მაგრამ ის პოზიციაც არ გვაქვს, რომ ეს გამორიცხულია" - ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები