ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა. სებ-ის ეს ნაბიჯი ლარის კურსის მაღალი მერყეობის შესაჩერებლად არის მიმართული. სავალუტო აქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.32 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 0.7 თეთრით ნაკლებია. 

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 10 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე დაახლოებით 2.31-ის შუალედში მერყეობდა. 26 სექტემბერს ლარის კურსი 2.33-მდე გაუფასურდა, 27 სექტემბერს კი სებ-მა სავალუტო ინტერვენციით კურსი ისევე 2.32-ის ნიშნულთან დააბრუნა. 

ეს 25 აგვისტოს შემდეგ მესამე შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ჯამში ან ინტერვენციების მოცულობამ $80 მილიონი შეადგინა. გაზაფხულზე სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით დაახლოებით $260 მილიონი შეისყიდა, რამაც ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა გამოიწვია.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

კომენტარები