არჩევნები 2016

თავისუფალი ზონის ყოფილი წევრების განცხადებაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო

დესტაბილიზაციის შესახებ თავისუფალი ზონის ყოფილი წევრების განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე, სსკ-ის 18-318-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. სუს-ის ინფორმაციითვე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში თავისუფალი ზონის ყოფილი წარმომადგენლები უკვე გამოკითხეს.

ცნობისთვის, დღეს, თავისუფალი ზონა ათმა წევრმა დატოვა. მათ ამის მიზეზად, "დესტაბილიზაციის მოწყობის" შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან "დავალების მიღება" დაასახელეს.

"პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბესო კალაძემ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ თავისუფალი ზონის ყოფილი წევრები სუს-მა მოისყიდა. ნიკა მელიას თქმით, "პარტიაში სულ იყო განცდა, რომ ახალგაზრდები რეალურად არ იყვნენ იმ გუნდის წევრები და ეს დღეს დადასტურდა". გიგა ბოკერია კი აღნიშნავს, რომ "ამ ბოდვაზე" სერიოზული პასუხის გაცემა გაუჭირდება.

"ვწუხვარ, რომ სუს-ი საქმის კეთების ანუ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, დაკავებულია ამ ტიპის საქმეებით. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ერთი და იგივე პრინციპები არ გააჩნია, ზოგი შეიძლება, დააშინო, ზოგი მოისყიდო, სერიოზულად ვერც კი განვიხილავ ამ სისულელეს, რაც მოვისმინეთ შუამავლების მეშვეობით, რომ გადატრიალებას გეგმავდა ვიღაცა, ეს არის სრული სისულელე" - ამბობს ბოკერია.

კომენტარები