არჩევნები 2016

კაპანაძე: უწყებათაშორისი კომისია არაეფექტურად მუშაობს, ამიტომ ვტოვებთ

სერგი კაპანაძე
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. მიზეზებზე პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომისიას ფუნქცია არ აქვს, არაეფექტურად მუშაობს და მათ მიმართვებზე არ რეაგირებს.

"მიზეზი ისაა, რომ ამ კომისიას არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. არცერთ საკითხზე მას არ გამოუვლენია ნება და ინტერესი, რომ რაიმე იქნას გადაჭრილი. ჩვენ მას ბევრჯერ მივმართეთ კონკრეტული ინციდენტების გამოძიების მოთხოვნით, აბსოლუტურად არცერთზე არ ყოფილა პასუხი. ჩანს კიდეც, რომ არანაირი დაინტერესება წულუკიანისა და ზოგადად კომისიის მხრიდან, რომ რაიმე იქნას ბოლომდე მიყვანილი, არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მონაწილეობა ამ კომისიაში უშედეგოა, კომისია, უბრალოდ, ემსახურება პიარფუნქციას, რომ აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აქაოდა ხელისუფლება დაინტერესებულია პრობლემების მოგვარებით, ეს ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ გავაგრძელოთ ამ ფარსში მონაწილეობა", - თქვა კაპანაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კაპანაძისვე თქმით, პარტია არანაირ დესტაბილიზაციას არ გეგმავს.

"ჩვენ არანაირ დესტაბილიზაციას არ ვგეგმავთ, ბუნებრივია. ჩვენი მიზანია, მშვიდობიანად მივიყვანოთ ეს კომპანია ბოლომდე, როგორც აქამდე მიდიოდა. არცერთი ინციდენტი არ ყოფილა ჩვენი მონაწილეობით, ჩვენ ვეწევით ძალიან დიდ კარდაკარ საქმიანობას, ვხვდებით მოსახლეობას, არცერთ ინციდენტში არ მიგვიღია მონაწილეობა და ვაპირებთ, რომ ასე მივიყვანოთ ბოლომდე. თუმცა, არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სპექტაკლებში, რომელსაც ეს ხელისუფლება დგამს", - თქვა კაპანაძემ.

ენმ საუბრობს ჯიხაშკარის, კორცხელის, ფლავისმანის და სხვა, ჯამში 80-მდე ინციდენტზე, რომელთაც, პარტიის წევრების თქმით, უწყებათაშორისი კომისიისგან რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები